პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.
როგორც ხაზარაძე ღია წერილში წერს საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.
„ეჭვქვეშ დგება ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა. თუ რაღაც არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორად ერთადერთი ქვეყანა დარჩება, სწორედ ის, რომელსც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ყველა ხერხით ხელს უშლის ჩვენს ჩართვას საერთაშორისო თანამეგობრობაში.
ამ ვითარებაში მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს“,- ნათქვამია წერილში.
საქართველოს მთავრობამ გიორგი გახარიასადმი 4 კონგრესმენის წერილი გამოაქვეყნა. კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრს სწერენ, რომ ისინი დიდი ხანია, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციაში, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ შეშფოთებას უზიარებენ.
კონგრესმენები წერილში შეშფოთებას გამოხატავენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმების გადადებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე. ასევე კრიტიკულად აფასებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძველი საქმეების განახლებას. კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ საქმეების ნაწილი შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, მედიაორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიზანმიმართული დევნა, ამიტომ მთავრობისთვის კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების აუცილებლობის შეხსენება სურთ.