მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის” ემხრობა კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში. ამასთან, მიაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს.
ამის გამო, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, „საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე”.
„ეს ეკლესიას დაიცავს “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს”. – დაწერა მან „ფეისბუქზე”
ხაზარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას” ეკლესიის თემით მანიპულირება უნდა, როცა მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიის სტატუსს სთავაზობს.
ამასთან, მისი განცხადებით, „თუ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით”.
„თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება”. – წერს ხაზარაძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის შექმნაში და რომ ამით ამაყობს.
„P.S არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და “ოცნებაა” რომლის “სუსი” უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის “კრებსებს” ასაჯაროებს”. – დაწერა მან.
გუშინ, 31 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც ქართული თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება”.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი მსჯელობა საქართველოს საპატრიარქოში. საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისგან მიიღო შეთავაზება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. სინოდის წევრები სწორედ ამას განიხილავდნენ. ამასთან, ის ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები, ვინც მედიასთან კომენტარი გააკეთა, ამბობდნენ, რომ ეს ეკლესიის სახელმწიფოსთვის დაქვემდებარებას ნიშნავს, რაც მიუღებელია.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.