ხაზარაძე: ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ემხრობა ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას ნაციონალური მოძრაობის გარეშე.

„ტვ პირველთან“ საუბრისას ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ალტერნატიული პლატფორმის არჩევის საშუალება.

„მე არ ვეთანხმები ამ [ერთიანი სიის] იდეას, მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას, ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა ყველამ კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. გვაქვს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული.

ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდებიან, ეს გახდება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს… ეს იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა დიდი სურვილი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ რამენაირად მიგვაწებოს ამასთან. შესაბამისად, ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, „ლელოს“ ლიდერი პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლს საარჩევნო პროცესებში და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სერიოზულ როლს ასრულებს კონსოლიდაციის მიმართულ პროცესში.

„მოწადინებული ვართ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისკენ იმიტომ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ყველა ნამდვილი პატრიოტული, ეროვნული ძალების, – ევროპული ძალების გაერთიანების დრო დადგა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.