ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური | ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ნაწილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი პრეზენტაციის შესახებ შეკითხვებს უპასუხა. გუშინ ოპოზიციის ნაწილმა ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.

„რომელ ნორმალურ ადამიანს შეუძლია, შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური.

ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის ორ-სამ საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის, „თიბისი“ ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად. რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენმა. ათობით, ათასობით ადამიანი არის დაზარალებული და დღემდე მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.