ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმის განხილვა 2 ივლისს ჩაინიშნა

პუბლიკა

მამუკა ხაზარაძის და „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის ინფორმაციით 2 ივლისს სასამართლო განხილვა ჩაინიშნა.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ 2019 წელს წაყენებულ ბრალს. საგამოძიებო უწყება TBC ბანკის დამფუძნებლებს და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საუბარია 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციაზე.

მამუკა ხაზარაძე საქმის განახლებას პარლამენტში გუშინდელ მის ქმედებას უკავშირებს, როდესაც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტასთან დაკავშირებით უმრავლესობის საწინააღმდეგო პოზიცია გამოთქვა.

„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ვერ ეღირსებიან, ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმე მეთოდით უკან დავიხიოთ რამეზე.

მე დავტოვებ მანდატს. მე ვარ მართალი და ამის შესახებ 20-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიზებული საქმე. ამ ქვეყანაში ჩვენ ვიქნებით მაგალითი, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„პუბლიკა“ „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთლის შვილს, ვახტანგ წერეთელს ესაუბრა. ის საქმის განახლებას მამის თავისუფლებით შანტაჟად აფასებს.

ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ ტელევიზია კრიტიკულ ტონს არ შეიცვლის და მწვავე გადაცემებს მოამზადებს.

„ისევე მომზადდება მწვავე რეპორტაჟები „ქართული ოცნების“ კორუფციულ საქმეებზე, ნეპოტიზმზე და ა.შ“, – განაცხადა წერეთელმა.