ხაზარაძის თქმით, „ლელოს" ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არ გამორიცხავს, არჩევნების წინ გაერთიანებასაც

პუბლიკა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება. ხაზარაძე თეორიულად უშვებს არჩევნების წინ გაერთიანებისა და ახალი სახელით წარდგომის შესაძლებლობასაც, თუმცა ამბობს, რომ ამაზე საუბარი დღეს ნაადრევია.

„ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. ეს არის „შუა“, თუ რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ამოცანა არის, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას“,- აცხადებს ხაზარაძე.

ამის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

„მე როგორც ვიცი, ნიკა მელია თავის პარტიას აკეთებს. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ჩვენ შევთანხმდებით ძირითად და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ოპოზიციონერი ამომრჩეველი დაინახავს, რომ არის 2 პარტია – ნიკა მელიას პარტია და აქეთ – „ლელო“, რომლებიც შეთანხმებული არიან ქვეყნის მართვაზე, ძირითად საკითხებზე, შესაძლებელია მთავრობის კომპოზიციაზე. შედეგ კი გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ დადგა ის მომენტი და ჩვენც დავინახეთ და მელიამაც დაინახა, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს…

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა . ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი მმართველობა, გვინდა რომ ქვეყანა ინტეგრირდეს ევროსტრუქტურებში…. ამას სჭირდება ახალი მთავრობა, რეფორმები , ახალი იდეები, ახალი ადამიანები და ა.შ. დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა, უბრალოდ მე გიდასტურებთ თუ ვისთან გვაქვს ჩვენ სიმპათია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა და ახალი პარტიის დაფუძნება დააანონსა.

მან ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.