ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მოადგილედ თავისი კანდიდატურა თავადვე შესთავაზა იმ პირობით, თუ იმავე ნაბიჯს ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძეც გადადგამდნენ.
„ვფიქრობ, დგება ცხოვრებაში მომენტები, როცა ნაბიჯია გადასადგმელი და ეს ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს საერთო მიზნის მიღწევას და დღეს ჩვენი ქვეყანა არის კრიზისში და ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისის დაძლევის არის შეთანხმება, პირადი ამბიციების უკანა პლანზე გადაწევა და სამშობლოსა და სახელმწიფოს საკითხების წინ წამოწევა. ამიტომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ეს იყო ჩემი იდეა, ჩემი შეთავაზება. ორი დღის წინ […] მე შევთავაზე. მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატებს, ანა ბიბილაშვილსა და დეა მეტრეველს.
ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ. უბრალოდ, პირდაპირ ვუთხარი, რომ, თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალით უნდა ჩავერთოთ. მე ასევე ვუთხარი, რომ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც [ჯაფარიძე] ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ ისინი დაეთანხმნენ ამ გამოწვევას და მიიღეს ეს წინადადება“, – განაცხადა ხაზარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
გუშინ ნიკა მელიამ თბილისის ადგილობრივი მთავრობის კანდიდატების პრეზენტაცია გამართა. ვიცე-მერობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დასახელდნენ.