საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ მედიასთან მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოში დღეს ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა და არართმა ქვეყანამ კვლავ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე 8 ქვეყანაა, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობით. ეს ზრდის გამოწვევებს და ჩვენც რეალურად მაღალი რიცხვები გვაქვს ინფიცირების ახალი შემთხვევების, თუმცა ამ ბოლო დროს ჩვენთან შეიმჩნევა საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები, რაც მდგომარეობას გამოჯანმრთელებული მოქალაქეების მზარდ რაოდენობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირებულთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, გუშინ 11 ათასი ტესტი გაკეთდა. ყოველდღიურად 8 ათასიდან 11 ათასამდე ტესტი ტარდება.“ – განაცხადა გახარიამ.
მანვე პირბადის ტარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირბადის ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერაფერი უფრო ეფექტიანი ვერ გამოიგონეს“. – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოქთდაუნთან“ დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან, რაც, გახარიას შეფასებით, უპასუხისმგებლობაა.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი არ იქნება. იქნება წერტილოვანი, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ და ვერ იქნება. იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას.“ – განცხადა გიორგი გახარიამ.