„ხაზი გაესვა უკრაინა-რუსეთის კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტის მნიშვნელობას“ - პრემიერის ვიზიტი საუდის არაბეთში

პუბლიკა

საუდის არაბეთში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერი ერ-რიადს საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს შორის „გამორჩეული ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში“ ეწვია.

საუდის არაბეთში ღარიბაშვილს სამეფოს ტახტის მემკვიდრემ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა ალ-იამამას სასახლეში უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების გზებს სხვადასხვა მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო საკითხები. მათ შორის, უკრაინის საკითხიც.

„უკრაინა-რუსეთის კრიზისის საკითხზე, მხარეები ხაზს უსვამენ დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას, ხოლო ხსენებული კრიზისის უარყოფით შედეგებს შეამცირებს“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ასევე, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს უკრაინისათვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენისთვის და ომის პატიმრების გათავისუფლებაში ჩართვისთვის. ასევე, ქართულმა მხარემ მოიწონა საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივა იემენში ომის დასრულების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერმა საუდის არაბეთს 2030 წელს მსოფლიო ექსპოს მასპინძლობისთვის მხარს დაუჭერს.

„ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რიადის კანდიდატურას, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ  საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბინ სალმანმა ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე საუდის არაბეთის განვითარების სტრატეგიაში საქართველოს გათვალისწინება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვ.

„მხარეები შეთანხმდნენ საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბებაზე. ენერგეტიკის სფეროში ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის მნიშვნელობას.

ქართული მხარე მიესალმება ნავთობის გლობალურ ბაზრებზე და მიწოდების სანდოობის სფეროში ბალანსისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შესრულებულ როლს.

ამასთანავე, მხარეები გამოხატავენ სურვილს თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ელექტროსისტემების ურთიერთჩართვა, ჰიდრონახშირბადის რესურსების ინოვაციური გამოყენება და ენერგოეფექტურობა, ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მოჰამედ ბინ სალმანმა და ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაზე, ასევე ტურიზმსა და აგრარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„ქართული მხარე მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს მიერ „საუდის მწვანე ინიციატივას“ და „ახლო აღმოსავლეთის მწვანე ინიციატივას“ და მხარდაჭერას გამოხატავენ კლიმატის ცვლილების სფეროში საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევის მიმართ“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.