„ხდება ისევ იძულების დაკანონება“ - იაგო ხვიჩია თავდაცვის ახალ კოდექსზე

პუბლიკა

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის ახალ კოდექსზე ისაუბრა, რომლის განხილვაც პარლამენტში იგეგმება. იაგო ხვიჩიას თქმით, თავდაცვის კოდექსი ისევ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ითვალისწინებს, რაც მისი თქმით, უკან გადადგმული ნაბიჯია და მხოლოდ „გირჩის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

იაგო ხვიჩიას თქმით, სავალდებულო კომპონენტი უნდა გაუქმდეს და ოპოზიციას ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მხარდაჭერა სთხოვა.

„ფაქტობრივად, ხდება ისევ იძულების დაკანონება. ნაცვლად იმისა, რომ ქართული ჯარი იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალი ჯარისკაცებით, ჩვენ, ფაქტობრივად, პროფესიონალ ჯარისკაცებს ვაყენებთ შეურაცხყოფას და ვბრუნდებით უკან, ვდგამთ ნაბიჯს უკან. ვითომ ვაკეთებთ სამხედრო რეფორმას, რომელიც სინამდვილეში მიმართული არის მხოლოდ „გირჩის“ წინააღმდეგ. ჩვენ განხილვის დროს ამას კარგად ავხსნით და ყველას გავაგებინებთ.

ამას არ გააჩნია არანაირი სამხედრო დანიშნულება. თან იმ ომის დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის პოზიციის პარალელურად სამხედრო რეფორმაზე საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია.

მე გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაგეხედათ ამ სისტემისთვის. სავალდებულო მონობა უნდა გაუქმდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში და მერე რაც გინდა, ის სამხედრო რეფორმა ჩავატაროთ, ჩვენ ყველაფერზე მხარს დაგიჭერთ, თუ სავალდებულო კომპონენტი გაუქმდება ჯარიდან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

იაგო ხვიჩიას კომენტარს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოეხმაურა. ჩაჩიბაიას თქმით, თავდაცივს ახალი კოდექსი ევროპული ქვეყნების პრაქტიკას ეფუძნება და სავალდებულო სამსახურის სისტემა ახალი კოდექსის მიხედვით გაუმჯობესებული იქნება.

„ეს არის ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვთანამშრომლობდით და დღესაც თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტრო ნორდიკულ და ბალტიის ზღვის ქვეყნებთან. ეს არ არის ინოვაცია.

არ შეიძლება ასეთი დასკვნების გაკეთება, როცა თქვენ პრაქტიკულად არ გაქვთ გამოცდილი. ეს არის ბევრად გაუმჯობესებული სისტემა და ძალიან გთხოვთ, სანამ კოდექსის განხილვა არ დაიწყება, ასეთი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავოთ“, – მიმართა ჩაჩიბაიამ იაგო ხვიჩიას.