ხელბორკილები დაადეს და სცემეს – ადვოკატი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, გუშინ 2 საათზე მისი კოლეგის, მამუკა შაქარაშვილის სახლში შევიდნენ პოლიციელები. როცა ის დაბრუნდა სახლში, პოლიციელებს ჰკითხა, რა მიზეზით იმყოფებოდნენ მის სახლში. კობაიძე ამბობს, რომ სახლი, რომელსაც პოლიციელები ჩხრეკდნენ, მშობლების სახლია და რეესტრის მიხედვით, მესაკუთრე მამუკა შაქარაშვილია.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, პოლიციელებისგან ინფორმაციის მიღების მცდელობას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. შემდეგ პოლიციელებმა მას ჩამოართვეს ტელეფონი, შეიყვანეს ოთახში, დაადეს ხელბორკილები და სცემეს.

ამის შემდეგ გადაიყვანეს ქალაქის მთავარ სამმართველოში. სამმართველოდან საქალაქო სასამართლოში და მოსამართლემ მტკიცებულებების უქონლობის გამო ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი გაათავისუფლა. ალექსანდრე კობაიძის თქმით, ის ახლა საავადმყოფოშია.

„სახლში მივიდა მამუკა და რა მოხდაო, იკითხა. პოლიციამ არ უპასუხა. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირების მერე ჩამოართვეს ტელეფონი, ხელბორკილები დაადეს და სცემეს. შემდეგ გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში და იქიდან საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსამართლემ გაუშვა მტკიცებულებების არ ქონის გამო და ამის შემდეგ დაზიანებების გამო მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.“ – ამბობს „პუბლიკასთან“ ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმართეს გენერალურ ინსპექციას  და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

შსს ინფორმაციით, შაქარაშვილი პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით დაიწყო და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.