ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზურაბ კაკაბაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებითაა დაკავებული.

პროკურატურის ვერსიით, დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ კაკაბაძემ 350 000 დოლარის ფსონი კაზინოებში დადო.

პროკურორის თქმით, ბრალდებულს ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული და უკან 40 000 ლარი დააბრუნა.

კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მან აღნიშნა, რომ თანხა ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა.