ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტში გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გამოსახლებების საკითხზე და მთავრობას მოუწოდა, რომ არჩევნებამდე გამოსახლებები შეაჩეროს.
„აქ ითქვა, რომ გამოსახლებებზე 15 ივლისამდეა მორატორიუმი და [შემდეგ] აღარ იქნება და ეს საკითხი გახდება შემდეგ მსჯელობის საგანი, მომავალში როგორ მოვიქცევით. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ ჯობია სამართლებრივი გზები გამოვნახოთ და არჩევნებამდე გამოსახლებები არ იყოს. მომავალში ახალმა მთავრობამ გადაწყვიტოს, როგორ მოექცევა, ერთი მხრივ, მევახშეებს და თაღლითებს და, მეორე მხრივ, მათგან დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და გააგრძელებს გამოსახლებებს, მაშინ ის ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს.
„თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ და ვერ ჩამოყალიბდებით, და 15 ივლისიდან შეეცდებით, რომ გამოსახლებები განახორციელოთ, მაშინ მე გპირდებით, რომ სახალხო მორატორიუმის ფარგლებში არ მოგცემთ ამის საშუალებას და ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს. თქვენს სინდისზე იყოს, მერე დაგვიჭერთ თუ არ დაგვიჭერთ. მაგრამ ეს იქნება ასე. მოგიწევთ ნამდვილი ბრძოლის გადატანა იმ აღსრულებების დროს. პირადად მე მზად ვარ, რომ ჩავჯდე ამის გამო და მოვიხადო სასჯელი და თქვენ სინდისზე იყოს, ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ არა.
მომავალმა მთავრობამ, თუ იქნება ეს სახალხო მთავრობა, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში გაჭირვებულ ხალხს როგორ მოექცევა და თაღლითები იპარპაშებენ თუ არა ამ ქვეყანაში. თქვენ 8 წელი გიყურათ ხალხმა და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ…”, – განაცხადა ფოფხაძემ.