ხელები შორს თავისუფალი მედიისგან | „სტრატეგია აღმაშენებელი“

პუბლიკა

„ხელები შორს თავისუფალი მედიისგან“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებას მიმართავს.

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.

პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებულ კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული.

სწორედ ამ საქმეს ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებით. მათი შეფასებით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ, ფაქტობრივად, პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან. იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.