ხელფასები იანვრიდან გაიზრდება, თანამშრომლები სამუშაოს უბრუნდებიან - პროფკავშირები

პუბლიკა

„თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, – როგორც „პუბლიკას” პროფკავშირების გაერთიანების  წარმომადგენელმა აკაკი გვალიამ განუცხადა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ თანამშრომლებმა იანვრიდან ხელფასის მომატების პირობა მიიღეს, თუმცა რამდენით გაიზრდება ის, ამ ეტაპზე ამაზე კონკრეტულად ვერ საუბრობენ. თანამშრომლები ხელფასის 50%-იან მატებას მოითხოვდნენ.

თანამშრომლებს პროტესტის პერიოდში 7 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები ჰქონდათ. ხელფასის მატებასთან ერთად მათ მოთხოვნებს შორის იყო: შვებულებით სარგებლობა, სამედიცინო დაზღვევა, ტრანსპორტის განახლება, სამუშაო გრაფიკის ცვლილება და ა.შ.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, დანარჩენ 6 საკითხის მოგვარებაზე თანამშრომლებმა ფაქტობრივად თანხმობა მიიღეს. მომდევნო დღეებში კი უნდა განისაზღვროს ამ საკითხების მოგვარების ვადები.

აკაკი გვალიას თქმით, დამატებითი გარანტიებისთვის, ორშაბათს ამ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოფიციალურადაც უნდა მოეწეროს.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე, ილია ელიშვილიც:

„დასუფთავების ტექნიკის გადახალისება გრძელდება. ასევე, უნიფორმებთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო, თუმცა უახლოეს პერიოდში საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ. ხელფასებს რაც შეეხება, ჩვენ შეპირებული ვიყავით, რომ იანვრიდან მათ გაეზრდებოდათ ხელფასები და ამაზე ვმუშაობდით. ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. დანარჩენი ძალიან ტექნიკური დეტალებია, რომელიც სამუშაო გრაფიკს შეეხება. შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, დავსხდებით, განვიხილავთ და ერთობლივად გადავწყვეტთ, ამ ტექნიკური საკითხებიდან რომელია მისაღები“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.


6 აგვისტოს, „თბილსერვის ჯგუფშის” დასაქმებულთა აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები სახელშეკრულებო პირობების არცოდნაზე, საფრთხისშემცველ სამუშაო გარემოზე, დაბალ ხელფასებზე, ფიზიკურად მძიმე შრომით რეჟიმსა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობდნენ.