საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 1706 ლარია - „ღირსეული შრომის პლატფორმა"

პუბლიკა

რამდენი უნდა იყოს საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი? – ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი ერთ სულზე 1706.50 ლარი უნდა იყოს. ინფორმაციას „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს.

საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა  მნიშვნელოვანი საჭიროებები.

საცხოვრებელი ხელფასი Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა. ის წარმოადგენს დაუბეგრავ შემოსავალს, რომელიც ეფუძნება მთლიანად ქალაქებისა და სოფლების მონაცემების საშუალოს და ოჯახში ერთი მშრომელის მონაცემებს. აქამდე საცხოვრებელ ხელფასად 1770 ლარი ითვლებოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი საცხოვრებელი ხელფასის გადახდა?

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ ხაზს უსვამს, რომ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც მშრომელები ქრონიკულად დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ვერ ახერხებენ გაჭირვებიდან თავის დაღწევას, სასტიკი, გაუსაძლისი და გრძელვადიან პერსპექტივაში -არამდგრადია. დამსაქმებლები, რომლებიც იხდიან საცხოვრებელ ხელფასს, ხელს უწყობენ საქართველოში თანასწორი, სამართლიანი და სტაბილური საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

მათი თქმით, საცხოვრებელი ხელფასის გადახდას აქვს კომპანიებისთვის უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის პოტენციალი. საცხოვრებელი ხელფასის გადახდა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ინვესტიციას, რომლის განხორციელებაც ბიზნესს შეუძლია. საცხოვრებელი ხელფასის გადახდამ შეიძლება გააუმჯობესოს კომპანიის  რეპუტაციაც.