აუცილებელია, სახელმწიფომ კანონის დონეზე აღიაროს ღირსეული ანაზღაურებისა და მინიმალური ხელფასის ცნებები | SJC-ის კვლევა

პუბლიკა

„საქართველოში ამჟამად არსებული მინიმალური ხელფასი უკიდურესად დაბალია და სრულიად შეუსაბამო ღირსეული ცხოვრების მოთხოვნილებებთან“, – ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა მიმოიხილავს მინიმალური ხელფასის კონცეფციას ადამიანის უფლებების სამართლის პერსპექტივიდან, ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის პერსპექტივებს.

მინიმალური ხელფასი და საქართველოში არსებული მდგომარეობა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების სტანდარტების თანახმად, მინიმალური ხელფასი წარმოადგენს საშუალებას შრომის ისეთი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რომელიც აკმაყოფილებს დასაქმებული პირისა და მისი ოჯახის ღირსეული ცხოვრების საჭიროებებს.

იგი მოიცავს როგორც ცხოვრების ადეკვატურ პირობებს, ასევე სხვა ძირითად სოციალურ უფლებებს, მათ შორის, სოციალურ უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, განათლებას და კულტურულ და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.

გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი კი მკაფიოდ აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის კავშირი ღირსეული ცხოვრების საჭიროებებთან აღიარებული უნდა იყოს კანონით.

საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და ეს მონაცემი 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.

საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებისას, ორგანიზაცია წერს, რომ ქვეყანაში კანონით განსაზღვრულია მხოლოდ მინიმალური ხელფასის ოდენობა, რაც შეეხება მინიმალური ხელფასის, როგორც ადამიანის უფლების შინაარსს და მის კავშირს ღირსეული ცხოვრების საჭიროებებთან, ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დუმს.

„მინიმალური ხელფასის ოდენობის განმსაზღვრელ ნორმატიულ აქტებში მითითებული არ არის, თუ რა უფლების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მინიმალური ხელფასი და რა ფაქტორები მიიღება მხედველობაში მისი დონის დადგენისას. მინიმალური ხელფასის ოდენობა უკიდურესად დაბალია და იგი არათუ ღირსეულ, არამედ საბაზისო ფიზიკურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლებას, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ეს დღესდღეობით აღიარებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. მათი თქმით, ღირსეული ანაზღაურების უფლება არც ქვეყნის უზენაეს კანონში – კონსტიტუციაში, და არც შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ ორგანულ კანონში – შრომის კოდექსში არ არის განსაზღვრული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კერძო სექტორთან შედარებით, საქართველოში მინიმალური ხელფასი ოდნავ უფრო მაღალია საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის, თუმცა, მაინც „უკიდურესად შეუსაბამო დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრების საჭიროებების უზრუნველსაყოფად“.

შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ არსებული მდგომარეობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად, ყველა დასაქმებული პირი უნდა იღებდეს ღირსეულ ანაზღაურებას მის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ.

ორგანიზაციის შეფასებით, მინიმალური ხელფასის საქართველოში დადგენილი ოდენობა (20 ლარი) უკიდურესად დაბალია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მუშაკის და მისი ოჯახის არათუ ღირსეული ცხოვრების, არამედ საბაზისო ფიზიკური საჭიროებებიც კი.

კვლევაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი საუბრობს საქართველოში საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგიის ნაკლოვანებაზეც და მიიჩნევს, რომ ის არ შეესაბამება ადამიანის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებს და უნდა იყოს გაცილებით მაღალი ოდენობის.

„ამ პირობებშიც კი, კერძო სექტორში არსებული მინიმალური ხელფასი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 7.85%-ია, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 8.87%. ეს მოცემულობა ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, დაუშვებელია მინიმალური ხელფასი იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ასრულებს შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას, ნათლად იკვეთება როგორც საკანონმდებლო დონეზე არსებული სურათით, ასევე პრაქტიკაში არსებული რეალობით. საქართველოში დასაქმებული პირების მნიშვნელოვან რაოდენობას აქვს შრომის ისეთი ანაზღაურება, რომელიც ოფიციალურ საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, 57.014 დასაქმებული პირის ხელფასი შეადგენდა 200 ლარზე ნაკლებ ოდენობას“, – ნათქვამია კვლევაში.

დასკვნა და რეკომენდაციები

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საქართველოს მსგავს სიტუაციაში მყოფ ქვეყნებში მინიმალური ხელფასის სისტემა ეფექტურად ვერ განვითარდება, თუ მას საფუძვლად არ უდევს მინიმალური ხელფასის არსის სწორი გააზრება.

ამიტომ, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ კანონის დონეზე აღიაროს ღირსეული ანაზღაურებისა და მინიმალური ხელფასის ცნებები და მათი კავშირი ღირსეული ცხოვრების საჭიროებებთან.  მინიმალური ხელფასის სათანადო დონის დამდგენი შემდგომი სამართლებრივი მექანიზმები კი შესაძლებელია შემუშავდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მეშვეობით.

ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობისადმი და წერს, რომ სწორედ მთავრობამ უნდა განახორციელოს მინიმალური ხელფასის დადგენის პროცესის კოორდინაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ.

„ამ პროცესში აუცილებელია სოციალური პარტნიორების, მათ შორის, დასაქმებულ პირთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების ფართო ჩართულობა, რომლებსაც ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა საჭირო ოფიციალურ ინფორმაციაზე, რათა მიეცეთ სათანადო წვლილის შეტანის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს მთავრობასთან ამჟამად არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, რომლის ფუნქციებშიც შედის მინიმალური ხელფასის საკითხების განხილვა, უნდა გაფართოვდეს და მოიცვას დამატებით დარგობრივი პროფკავშირები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ შრომისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის თვალსაზრისით. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია რეალურად უნდა ამოქმედდეს და გამართოს განხილვები მინიმალური ხელფასის საკითხებზე განახლებული შემადგენლობით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მინიმალური ხელფასი ღირსეული ცხოვრების ყველა არსებით საჭიროებას უნდა მიემართებოდეს, თუმცა, რა დოზით დააკმაყოფილებს თითოეულ მათგანს, ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს ქვეყნის რესურსებსა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებულ დონეზე.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მინიმალურმა ხელფასმა უნდა მოიმატოს ზომიერი ოდენობით და გონივრული ინტერვალებით და არა ერთბაშად და რადიკალურად, რათა ფეხი აუწყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის განვითარების ტემპებს.

მათი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააცნობიეროს, რომ სოციალურ-ეკონომიკური უფლების სრული რეალიზაცია შესაძლებელია თანდათანობითი ნაბიჯების მეშვეობით და ყველა სათანადო რესურსის ადეკვატური გამოყენების გზით.

კვლევის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე.