ხელი მომტეხეს. მკლავი, სავარაუდოდ, საოპერაციოა - ირაკლი აბსანძე

პუბლიკა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” წამყვანი ირაკლი აბსანძე, რომელიც გუშინ „ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს, facebook-ზე წერს, რომ დაკავებისას მას პოლიციამ ხელი მოტეხა. მისივე თქმით, მკლავი სავარაუდოდ, საოპერაციო.

„არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენს ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ, იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი”, – წერს ის.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა [საზოგადოებრივ ადგილას ლანძღვა-გინებას] და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აბსანძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის”. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ აბსანძე ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკრიტიკებდა. კოალიციამ მოუწოდა შსს-ს, თავი შეიკავოს დაშინების მსგავსი მექანიზმების გამოყენებისგან.

„ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან”, – წერს მედიაკოალიცია.