ხელი მოვაწერეთ ქცევის კოდექსს, დოკუმენტზე ოპოზიციის ხელმოწერაც დაფიქსირდება - მდინარაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში“ ბრიფინგი გამართა და საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შესახებ ისაუბრა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქცევის კოდექსი ეხება ,,ფეიკნიუსების“ გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ხელმოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს მათთან შეთანხმება შედგა და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, კოდექსი ცესკოს მიერ, საერთაშორისო პარტნიეორების, მათ შორის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროცესში მონაწილეობდა მმართველი გუნდიც. მდინარაძე ამბობს, რომ იყო შენიშვნები, რომლებიც საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა.

მდინარაძის განცხადებით, შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე, მდინარაძის განცხადებით, შენიშვნა იყო ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვაც.