„მთელი დღის განმავლობაში ვერც აქტივისტებმა და ვერც ჟურნალისტებმა ნამოხვანიდან ინფორმაციის გავრცელება ვერ შევძელით”, – „პუბლიკასთან” საუბრისას „მთის ამბების” ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დღის განმავლობაში სოფელ ნამოხვანში ინტერნეტ და სატელეფონო კავშირის სირთულეებზე საუბრობს. მთივლიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის გაშუქებას დღეს ადგილიდან ცდილობდა.
„იქ ჯეოსელს საერთოდ არ აქვს მიღება – იმ ადგილებში, სადაც კარვებია გაშლილი და რიონის ხეობის მცველები უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. რაც შეეხება მაგთიკომს, [ტელეფონის ეკრანზე] მაგთიკომი კი ეწერა, მაგრამ სატელეფონო ზარიც კი ხარვეზით შეიძლებოდა მიგეღო. ინტერნეტი და მით უმეტეს facebook-live-ის ჩართვა არის შეუძლებელი ამბავი. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასე აღმოჩნდა.
დილით ვიღაცას ჰქონდა ლაივი [პირდაპირი ჩართვა]. შინაგან საქმეთა სამინისტროში [პასუხად] ამბობდნენ, რომ ვუყურებთო ლაივს ნამოხვანიდან, კარვების მიმდებარე ტერიტორიიდან. კი, მეც ვნახე ეს ლაივი, თუმცა ჯერ ხმა ხომ წყდებოდა და კადრების გარჩევაც შეუძლებელი იყო, იმდენად უხარისხო იყო”, – აცხადებს მთივლიშვილი.
როგორც ის ამბობს, საკირეში ნახეს შსს-ს მანქანა, რაზეც უწყება ამბობს, რომ პოლიციის რაციის სიგნალის, ასე ვთქვათ, რადიოსიხშირული კავშირის გაძლიერებისთვის იყო ეს მანქანა იქ.
„ფაქტი არის ის, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერც აქტივისტებმა და ვერც ჟურნალისტებმა ნამოხვანიდან ინფორმაციის გავრცელება ვერ შევძელით.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროცესი, მოვუწოდებ მათ, რომ ეს შეწყვიტონ. ჩემი facebook- ჩართვისას მე ასევე მივმართე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს, რომ აუცილებლად შეისწავლონ ეს საკითხი”, – ამბობს მთივლიშვილი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები იყო სატელეფონო ზარების მიღებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, საბოლოო ჯამში მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ, მათ შორის ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებაში.
„სამწუხაროდ ვერ ვახერხებდით [რედაქციასთან კომუნიკაციას]. რიონის ხეობაში შესვლამდე, გუმათიდან გვქონდა ეთერი, შემდგომ უკვე დავაგროვეთ მასალები და მოგვაქვს, რომ ავტვირთოთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადგილიდანვე ვაქვეყნებდით ხოლმე მასალებს”, – აღნიშნავს მთივლიშვილი.
„პუბლიკამ” დღის განმავლობაში არაერთხელ მიმართა შსს-ს შეკითხვით, ინტერნეტ-კავშირის ჩახშობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
უწყება მოგვიანებით მსგავსს საკითხს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეეხო:
„ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.