„ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ დაეკავებინათ" | ოდიშარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველების დაკავებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ამართლებს და ამბობს, რომ „სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ”.

მისივე თქმით, დაკავებულმა მოქალაქეებმა პასუხი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე არ უნდა აგონ და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა გადმოსცენ.

„თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციულ-საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებიანთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადმოცემული საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის”, – ამბობს ბექა ოდიშაირა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები.

უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

სუს-ი თავის განცხადებაში არ ახსენებს, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმი მიუთუთებს, რომ დაკავებულებს თან იარაღიც ჰქონდათ.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

სუს-ი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

„საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებს უწყება.