არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან მარნეულში 21 მარტს განვითარებულ მოვლენებს, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 21:00 საათზე დემონსტრაციულად დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა.
მათი თქმით, ამ პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აქტივისტებთან დაკავშირება და გამოკითხვაზე დაბარება ე.წ. კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში.
ის გარემოება, რომ საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, ორგანიზაციებს უჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან.
აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვლისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანმიმდევრული და მეტიც, დისკრიმინაციულია ეთინკური უმცირესობების მიმართ. მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო მაგალითად, 1 იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ იგი სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს უთანასწორო მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო“, – წერენ NGO-ები.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საფარი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia); უფლებები საქართველო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); საქართველოს ატლანტიკური საბჭო.