ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს აწონებს  12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა!“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც ცნობადობაზე პრეტენზია გააჩნიათ, ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად, ვგმობ პირველ რიგში როგორც ქალი, ვგმობ როგორც პრეზიდენტი.

ვგმობ იმას რასაც ჩვენ კულტურასთან , ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია , მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური იზანი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება” – დღეს თათია სამხარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

პროპაგანდისტული არხი POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.