სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
გოგაშვილი წერს, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავდა და თუ ამას გააკეთებდნენ მკვლელობას „მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ.“
გოგაშვილი წერს, რომ ამის შესახებ ის წელიწადნახევრის წინ მეუფე იაკობმა გააფრთხილა.
„ ეს დავალებული ჰქონდა ქისტ ,,ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს ,,ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია“,- წერს გოგაშვილი.
გოგაშვილი აქვე წერს, რო რუსული “FSB-ს აგენტებს დავალება აქვთ, მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება”.
ის ახსენებს კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიანს და ამბობს, რომ ისინი რუსი აგენტები არიან. ოფიციალურად სოსო გოგაშვილი სწორედ მათი საჩივრების საფუძველზე დააკავეს.
„პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით არ გავაჟღერე ეს, იმიტომ, რომ მინდოდა პირადად მეუფე შიო მენახა. 30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება.
ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია. უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი.
მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: ,, იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”. მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი. მას შემდეგ მე ავიღე რაღაც პაუზა, ამ ხნის განმავლობაში მივიღე ბევრი მუქარა, გაფრთხილება, ,,კეთილი რჩევა”, ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე პოლიტიკური აქტივობა, მხილების კამპანია, თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული ,,რჩევა-გაფრთხილება” მივიღე ვახო გომელაურისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ“,- წერს გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.
ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.
15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.