„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აშშ-ში, სენატში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა. დღეს, 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე მსჯელობს.
„თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს…
სახალხო მღელვარების, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს. ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს. ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.“
მოსმენაზე სენატორმი ჯიმ რიში დაინტერესდა, რატომ მიიწევს საქართველო რუსეთისკენ. სენატორმა აღნიშნა, რომ აშშ-ში არ ესმით საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის. მან ეკა გიგაურს მიმართა, აეხსნა, რატომ არის მოსახლეობის მხრიდან რუსულ ორბიტაზე დაბრუნების მხარდაჭერა მაღალი.
ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ წლებია, ხელისუფლება ორგანიზებას უწევს დეზინფორმაციების კამპანიებს, რისი მიზანიც დასავლური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძირის გამოთხრაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დასავლური ინტეგრაცია სურს.
„თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის“,- უთხრა სენატორმა ჯიმ რიშმა გიგაურს. [„ფორმულას“ თარგმანი]