დღეს ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს არის მოდელი 110/40-ზე.
„გარკვეული სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც არ დასრულებულა, ნამდვილად არის ის, რომ 110/40-ზე არისო ჩვენი პოზიცია, ახლა გვეუბნება „ქართული ოცნება“, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს, რომ ჩვენ ადგილებისა და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ“.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციის პრინციპული პოზიციაა, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალას, უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნებშიც.
„ამ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული თავისუფალი კენჭისყრა მაინც იყოს ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამავე პაკეტში გვერდზე არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეჩერება. ეს ოპოზიციის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ანუ ოპოზიცია ერთიანია“, – განაცხადა ვაშაძემ.