არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC) საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ+ ადამიანები საქართველოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან. მეტიც, 2019 წელი გამოირჩეოდა ულტრაკონსერვატული ძალადობრივი ჯგუფების განსაკუთრებული აქტიურობით, ხოლო ხელისუფლების დამოკიდებულება და რიტორიკა ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ბადებს ეჭვს, რომ მმართველი ძალა მათ პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.
ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლება კვლავ ვერ იაზრებს ჰომოფობიის მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ შედეგებს და არ ქმნის მის დასაძლევად საჭირო სისტემურ მექანიზმებს.
„არსებული პრობლემების მკვეთრი პოლიტიზებით კი, განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ამ თემის წევრ ადამიანებს“, – წერს HRIDC.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, მთელი წლის განმავლობაში აღინიშნებოდა სხვადასხვა სახის ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და ამ თემის წევრთა უფლებების რეალიზების ხელშეშლა.
სახელმწიფოში კი კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, დაუპირისპირდეს არსებულ ძალადობრივ პრაქტიკას. ხელისუფლება თავს არიდებს პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას.
„მეტიც, შესაძლო სამართალდარღვევებზე ხელისუფლების რეაგირების დეფიციტი არსებულ ძალადობრივ გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს“, – ნათქვამია HRIDC-ის ანგარიშში.
ანგარიშში მიმოხილულია გასულ წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ თბილისში დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გარშემო განვითარებული პროცესები. ორგანიზაცია წერს, რომ სახელმწიფო კვლავ რეაგირების გარეშე ტოვებს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ლიდერთა მიერ შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ ძალადობრივ აქტებს. არადა, მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ძალადობის პრევენციას მოახდენდა.
„ხელისუფლებამ 2019 წელსაც თავი აარიდა პოზიტიური ვალდებულების შესრულებას – უზრუნველეყო შეკრების თავისუფლება და დაეცვა ამ უფლების სუბიექტები მესამე პირებისგან მომავალი ნებისმიერი საფრთხისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წერს, კანონმდებლობაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პრაქტიკაში ადამიანებისთვის თავიანთი უფლებების რეალიზება კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.
„სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ერთნაირსქესიანი წყვილები და ტრანსგენდერი ადამიანები ვერ სარგებლობენ კონვენციით გათვალისწინებული მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებით.
კვლავ პრობლემად რჩება გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი, რაც განსაკუთრებით ართულებს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას. ამასთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ +დღის წესრიგიდან სრულად გამორიცხა ჰომოფობიის და ლგბტქ+ ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობა“, – წერს HRIDC.