ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის - გახარია

პუბლიკა

„ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-ზე წერს.

ის ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას NATO-სთან და უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს რუსული ნარატივია და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„NATO-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის „მეორე ფრონტის” და „ნეიტრალიტეტის”ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“, – წერს გიორგი გახარია.


პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.

ღარიბაშვილის განცხადებას დასავლეთში პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და საერთაშორისო ურთიერთობის, უსაფრთხოების სპეციალისტების კრიტიკა მოჰყვა.