„ხელისუფლება ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს, მაგრამ პროტესტს შედეგი ექნება“ | რა გეგმები აქვს „სირცხვილიას“

პუბლიკა

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აწ უკვე ერთადერთი შემორჩენილი ხელშემწყობი – თავისუფალი არჩევნები ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა“, – ასე შეაფასა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“.

„სირცხვილია“ წერდა, რომ დღეს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება. აქტივისტები იმავე საღამოს ოპოზიციის აქციასაც შეუერთდნენ.

რას გეგმავს „სირცხვილია“, რომელიც 2019 წლის 20 ივნისსა და შემდგომ პერიოდში არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო, რა გზებით აპირებს არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, იქნება თუ არა 2019 წლის მსგავსი აქციების ორგანიზატორი, თუ აქტივისტები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებს მიჰყვებიან?

„პუბლიკამ“ ამ კითხვებით მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, შოთა დიღმელაშვილს მიმართა.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, ხელისუფლების მანიპულაციები არჩევნების მოსაგებად თვალსაჩინოა და ამ ფონზე საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში მხოლოდ მცირე სხვაობით მოგება გამარჯვების მისაკუთრებაა.

„საქართველოს სიდიდით მეორე, მესამე, მეოთხე ქალაქებში ათასი, ორი ათასი ხმით და არასრული ერთი პროცენტის სხვაობით იწერს მოგებას ხელისუფლება, მაშინ, როცა ამდენი ანგარიშია დაწერილი არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ მომხდარ მანიპულაციებზე როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

ამ ფონზე, ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ ასე მცირე სხვაობით ახერხებს ხელისუფლება გამარჯვებას, ამას არჩევნების მოპარვა ჰქვია“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი და დასძენს, რომ პროტესტი არ იქნება მხოლოდ თბილისში და იქნება რეგიონებშიც. პირველ რიგში, სწორედ იმ ქალაქებში, სადაც, მისი თქმით, მოიპარეს ხმები და მიიტაცეს ადგილობრივი ხელისუფლება.

„გვინდა, რომ გაიშალოს ფართო პროტესტი. ერთ კვირაში დაგეგმილია აქცია და პირველ რიგში იმას ვუერთდებით. კონსულტაციებს გავდივართ აბსოლუტურად ყველა ჯგუფთან, რომ მაქსიმალურად მასშტაბური იყოს ეს პროტესტი.

ვაჯერებთ მოთხოვნებსაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს მოთხოვნები, თუმცა ახლა ამ კონსულტაციის რეჟიმში ვართ, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ, გვსურს, რაც შეიძლება მეტი ჯგუფი ჩაერთოს.

პროტესტის კონსოლიდაცია ახლა ყველაზე კარგი სტრატეგია იქნება, რადგან რესურსების გაერთიანება მნიშვნელოვანია უკეთესი შედეგისთვის“, – ჰყვება შოთა დიღმელაშვილი „პუბლიკასთან“.

„სირცხვილიას“ აქტივისტი პროტესტის შედეგებში დარწმუნებულია. შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში, ყველა აქციას, რომელშიც სამოქალაქო მოძრაობა მონაწილეობდა, გარკვეული შედეგი ჰქონდა.

„მათი დამსახურებაა, რომ, მიუხედავად ყველა გაყალბებისა, 1 და 2 პროცენტზეა საუბარი და არა 10-სა და 20-ზე. ხელისუფლება ცდილობს ნიჰილიზმის გაღვივებას, იმ განწყობის დათესვას, რომ მოდი, ნუ იაქტიურებთ, რა აზრი აქვს და ა.შ.

მაგრამ ეს ტყუილია და ფაქტია, რომ ყველა პროტესტმა ერთი ნაბიჯით წინ წასწია ეს ქვეყანა. კიდევ ბევრი ნაბიჯია დემოკრატიამდე და პროტესტიც იქნება ბევრი“, – დასძენს დიღმელაშვილი.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, „სირცხვილია“ საპროტესტო აქციების გარდა, არჩევნების მეტად გამჭვირვალობასა და მანიპულაციების გამოვლენაზეც იმუშავებს. ამისთვის შეიქმნა „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“, რომლის ფარგლებშიც უბნებიდან მიღებული მონაცემები გაციფრულდა და მისი დამუშავებაც დაიწყო.

ანალიზმა კი უკვე აჩვენა „ანომალიური“ მონაცემები, ის უბნები, სადაც საგრძნობი იყო მანიპულაციები.

„ეს არის ის საქმე, რასაც არჩევნების შემდეგ ვაკეთებთ, რომ ყველა ეს მექანიზმი, ყველა ეს ანომალია იყოს შესწავლილი და გვქონდეს ეს ინფორმაცია.

გვინდა, თადარიგი დავიჭიროთ და ნაკლები მანიპულაციის სივრცე დავტოვოთ მომდევნო არჩევნებისთვის, რომელიც მჯერა, უახლოეს მომავალში იქნება ვადამდელის სახით“, – ამბობს დიღმელაშვილი „პუბლიკასთან“.