ხელისუფლება პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე - პარტია „დროა"

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან, რუსეთთან“, – ასე ეხმაურება პარტია „დროა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

პარტია წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე, პირადად პუტინის გზავნილი გაიმეორა და უკრაინის ომი NATO-ს გაფართოებასა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს დააბრალა.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება” კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის.

„ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა – დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან – რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი – არა რუსულ მთავრობას!”, წერია განცხადებაში.

დღეს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.