„ხელისუფლება შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად ამბობდა, რომ დოკუმენტს ხელს ვაწერო“ | მეგრელიშვილი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა, რადგან არც ერთმა მხარემ არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება მზად იყო, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის.

„შეთანხმება ვერ შედგა, როგორც იცით, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც მე ხელში მიჭირავს, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას, ჩემი აზრით და ხვალიდან, ალბათ, გახდება თქვენი განსჯის საგანი.

ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება. ანუ ძალიან უცნაურია, რომ ასე დამთავრდა ეს მდგომარეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი შიდა საქმეა, თითოეულ ამ პუნქტზე, რა არის სწორი და რა არასწორი, ხვალიდან ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მან.

მეგრელიშვილის თქმით, მას კონკრეტულად ამ დოკუმენტში მოსწონდა ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა.

„ძალიან მომწონდა ის, რომ მელიას პრობლემა გვარდებოდა, გვარდებოდა ამნისტიით, 20 ივნისის მოვლენების. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია წინადადება, რომელიც თვითონ შეხვედრის დროს დააყენა სალომე სამადაშვილმა, რომ იგივე მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული რურუას საქმეზეც“, – განაცხადა მან.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, გიორგი რურუას საქმე იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელზეც ოპოზიციას ჰქონდა პრობლემა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტის გზაც მედიატორმა სიტყვიერად გააჟღერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც არ გაიზიარა ეს ნაწილი.

„ხელისუფლება სხვათა შორის იძახდა ერთმნიშვნელოვნად, რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო. მცირე შენიშვნები შეიძლება მაქვს, მაგრამ მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო“, – თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.