იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს – ამას გამოეხმაურა პარტია „ლელო” და ინფორმაციას „სიცრუე” უწოდა.
კერძოდ, „ლელოში” აღნიშნავენ, რომ ეს იყო არა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, არამედ ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია:
„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ:
– პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
– პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.
– მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
– მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
– „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია.
აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი მოითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას. თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას მოითხოვდნენ.
პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა”.
„ლელო“ კი საპასუხოდ აცხადებს:
„ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებაში.
ეს იყო, ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თუმცა რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი, რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.
დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს”.
BMG ავრცელებს ბობ მეიერის განცხადებას, რომელშიც ის ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტს უწოდებს.
„თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება.
მე გადავწყვიტე ინვესტიციის განხორციელება ADC-სა და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი.
ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, გაგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში”, – წერია განცხადებაში.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება:
„მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა.“
ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა.”