ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა გახდეს და სახელისა და გვარის მიუხედავად დახმარება ნებისმიერ პატიმარს უნდა აღმოუჩნდეს.
„რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას, რომ შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ.
პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს – განურჩევლად“, – წერია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწერსებულებაში 36-ე დღეა, შიმშილობს. გუშინ, 4 ნოემბერს მისმა ადვოკატებმა და ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და საჭიროა მისი მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
მიხეილ სააკაშვილი 4 ნოემბერს საპატრიარქოს სახელით მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა, რომელმაც გადასცა ილია მეორის თხოვნა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ბოტკოველის განცხადებით, სააკაშვილი პატივს სცემს პატრიარქის თხოვნას, თუმცა შიმშილობას არ შეწყვეტს.