ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს კონტექსტს და არ შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა – საია

პუბლიკა

„საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების „ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა“, – ნათქვამია ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ძალა არც ე.წ. „გერმანული მოდელით“ არჩევნების გამართვას უჭერს მხარს, ამით კი თავად უწყობს ხელს ვითარების გამწვავებას. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მმართველ ძალას ეკისრება.

„ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არარსებობისა და დემონსტრატნთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას. კანონმდებლობა კრძალავს ამ ქმედებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას. ამის მიუხედავად, ვინაიდან, პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება, საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყნებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

**************

დილით პარლამენტის შენობასთან მისული უმრავლესობის დეპუტატები რევაზ არველაძე და მერაბ ქვარაია უკან გაბრუნდნენ. „მონა, მონა“, – ამ შეძახილებითა და სასტვენებით დახვდნენ აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს.

პარლამენტში შესვლა ასევე ვერ მოახერხა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

როგორც გუშინ გამართულ აქციაზე ორგანიზატორებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მიზანია, დღეს „პარლამენტმა მუშაობა ვერ შეძლოს“.