სხვადასხვა თაობის კარიერულმა დიპლომატებმა საქართველოს შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ იღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს.
დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველო, რომელიც მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად მოიაზრებოდა, გამოეყო ასოცირებულ ტრიოს. მათი განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული დიპლომატიის მთავარი სამუშაო საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება იყო.
ელჩების განცხადებით, დასანანია, რომ ამ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველო მოუმზადებელი შეხვდა და მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა გაამწვავა.
მათივე თქმით, ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
„სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები.
- ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია.
-
უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა.
-
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
-
იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა „ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
-
ყველა დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია, შეუერთდეს ამ განცხადებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ აღიარეს მისი ევროპული პერსპექტივა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.
ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თავისი შეფასება 17 ივნისს გამოაქვეყნა და მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დაიწყებს და შეასრულებს მისთვის დასახულ პრიორიტეტებს. ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს.