ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ძირეულ რეფორმებზე, მათ გასატარებლად კი ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს - სიმონიშვილი

პუბლიკა

კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის თქმით, მათ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ძირეული რეფორმების საჭიროებას და პარტიების მხრიდან კომრომისის აუცილებლობას ამ რეფორმების გასატარებლად.

„ეს შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ აუცილებელია პოლიტიკური პარტიები წავიდნენ კომპრომისებზე და ამ კომპრომისებს მოჰყვეს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ჩვენ გუშინ გავავრცელეთ განცხადება და მის საფუძველზე მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები ბატონ დანიელსონს. მივაწოდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან მიგვიყვანს.

პოლიტიკური კრიზისი არ დაწყებულა ამ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი იყო და არის იმის გამო, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც მუშაობენ დამოუკიდებლად. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობისკენ უდნა გადაიდგეს ნაბიჯები და ამის შემდეგ შეგვიძლია საუბარი ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ისაუბრონ მომდევნო დღეებში და წავიდნენ კომპრომისზე, რადგან მის გარეშე ვერ მოხდება შეთანხმება, რომელიც ასე მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელად.

პროცედურულად, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ძირეულ რეფორმებზე, ოღონდ მნიშვნელოვანია სწორედ ძირეული და არა ფასადური რეფორმები. ხოლო ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ მოხდეს ამ რეფორმების განხორციელება შესაძლებელი.

ცვლილებების სრული იმპლემენტაციისთვის აუცილებელია ოპოზიციის მონაწილეობა, რადგან კონსესუსით მიღწეულ ცვლილებებზე საუბრისას ოპოზიციის როლი მნიშნველოვანია. ასე რომ, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და შემდეგომ ოპოზიციამ, პარლამენტში შესვლით ამ რეფორმების გატარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს“, – თქვა ნიკა სიმონიშვილმა.