მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები ამა თუ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას ხშირად კარგად ნაცადი ტაქტიკით, ზოგჯერ კი ინოვაციური მეთოდებით ცდილობენ. „გაჰყევით ფულის კვალს“ – ამბობს „გერმანიის მარშალის ფონდის” მკვლევარი ჯოშ რუდოლფი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, თავისსავე კვლევაზე დაყრდნობით გვიხსნის, თუ როგორ ახდენს რუსეთი ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებზე ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკაზე, მავნე გავლენას. ჯოშ რუდოლფი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დროს რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, ფინანსებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით; იყო „საერთაშორისო სავალუტო ფონდის” დირექტორის მრჩეველიც. უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრობისას კი ობამას ადმინისტრაციაში რუსეთისთვის დასავლეთის მიერ სანქციების კოორდინირების საქმეს ხელმძღვანელობდა.
– ჯოშ, თქვენ იკვლევთ, როგორ იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები ფულს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში გავლენის ოპერაციები გაატარონ. რას ნიშავს ტერმინი „მავნე დაფინანსება“ და რა ადგილი უკავია მას ავტორიტარების მიერ ფართო, საგარეო ჩარევის ისეთ მეთოდებს შორის, როგორებიც კიბერ-თავდასხმები თუ დეზინფორმაციაა?
საკითხის ასე დასმა ნამდვილად მართებულია, რადგან „მავნე დაფინანსება“ ხშირად სწორედ კიბერთავდასხმებსა თუ დეზინფორმაციის კამპანიებთან ერთად გამოიყენება. ამ ორ მიმართულებას ამერიკაში დიდ ყურადღებას უთმობენ, რადგან სწორედ ასე ვიცით, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია. ჩვენი კვლევა კი აჩვენებს, რომ ფინანსური თავდასხმები ზუსტად ასევე ემუქრებოდა ჩვენს დემოკრატიას, გასული 10 წლის განმავლობაში. რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს 33 ქვეყანაში იმისთვის, რომ დემოკრატიულ პროცესებში 100-ზე მეტჯერ ჩარეულიყვნენ. მდგომარეობა კი უარესდება…
– თქვენს კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტებს თითქმის სრულად აფინანსებს. მავნე გავლენის ფინანსურ ოპერაციებს შორის ეს ასპექტი ხშირად არ განიხილება მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ არის ოკუპაციის გაგრძელებისკენ მიმართული და ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი, მავნე ზეგავლენის საშუალებაა. როგორ ხედავთ თქვენ ამ პრობლემას?
ცხადია, ძნელია [ადგილობრივი] თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების 90% რუსეთიდან მოდის, აფხაზეთში კი შემოსავლების – ორი მესამედი. ცხადია, ეს უდიდესი ბერკეტია და კრემლიც სწორედ ასე უდგება ამ საკითხს. ვლადიმირ პუტინი, როგორც სუკ-ის ყოფილი ოფიცერი, ფინანსურ სისუსტეს და დამოკიდებულებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და პირადი სარგებლისთვის იყენებს. ამ ფინანსური არხების გარდა, არის ვაჭრობის თემაც და ის, რომ მათი ეკონომიკა დამოკიდებული იყოს რუსეთისა თუ რუსი ოლიგარქების მიერ მართულ ფინანსურ ორგანიზაციებზე.
სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, რუსეთს არ ეყო მისი ოკუპაცია, ის ამ რეგიონს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვისაც კი იყენებს. არსებობს ფარული საბანკო სისტემა სამხრეთ ოსეთის გავლით. მოსკოვს არ შეუძლია, პირდაპირ გადარიცხოს თანხა ოფიციალურად არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ეს მინსკის შეთანხმების პირობებს დაარღვევდა.
სამაგიეროდ, მან აღიარა სამხრეთ ოსეთი, ფინანსური და უშიშროების კუთხით არსებული საკუთარი ბერკეტების გამოყენებით, აღიარებინა მას აღმოსავლეთ უკრაინის ე.წ. რესპუბლიკები და შექმნა ფინანსური არხი იმისთვის, რომ მოსკოვიდან სამხრეთ ოსეთში გადარიცხული თანხა შემდეგ დონბასში გადაირიცხოს.
ასობით ფიქტიური კომპანია და საბანკო გადარიცხვაა ამაში ჩართული, რუსეთი ამ საკუთარ, „პატარა შვეიცარიას“ იყენებს საიმისოდ, რომ მოახდინოს არა მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაცია, არამედ ისეთი რეგიონებისაც, როგორიც დნესტრისპირეთია ან თუნდაც ყირიმის ნახევარკუნძული თუ საერთოდაც სირია.
აღიარება და სხვა ფინანსური ბერკეტები ერთი მთლიანი, დახვეწილი სქემის ნაწილია იმისთვის, რომ რეგიონში სტაბილურობას საფრთხე შეექმნას.
– ცოტა ხნის წინ საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთისგან, შესაძლოა, 8 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. რამდენად სახიფათოდ მიგაჩნიათ ამგვარი ფაქტები ქვეყნის დემოკრატიისთვის, მით უფრო საარჩევნო წელს და არჩევნებამდე ასე ახლოს?
მარტივი, მთავარი ფაქტები არის ის, რომ კრემლს გამოყოფილი აქვს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 8 მილიონი დოლარი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. საუბარია რუსეთის დაზვერვის სამსახურებზე და მათთან დაკავშირებულ მოსკოვურ საკონსულტაციო ფირმაზე, რომელმაც უნდა წარმართოს მათი წინასასრჩევნო კამპანია. რუსეთი ეუბნება „პატრიოტთა ალიანსს“, რა გზავნილები გაავრცელოს, რა ღონისძიებები დაეხმარება მას მტრობის გაღვივებაში, ოპონენტებს შორის დაპირისპირების გაზრდაში. საუბარია ქართულ ტელევიზიებში მოსკოვში შექმნილი რეკლამების გაშვებაზეც კი.
ეს სანდო, ნამდვილი შემთხვევაა. ხელისუფლებამ ამის შესახებ რამე უნდა გააკეთოს. თუმცა თბილისი ალბათ, ამას არ გააკეთებს, რადგან სხვა ქვეყნების მსგავსი შემთხვევების დროსაც, ასე ხდება. კორუფცია ღრმადაა ფესვგამდგარი, ასე რომ საბოლოოდ ამომრჩევლები იქნებიან ისინი, ვინც უნდა აჩვენონ პოლიტიკოსებს, თუ ვის ემსახურებიან ისინი.
თუმცა თუკი ამას იმ კონტექსტში განვიხილავთ, სამართლებრივმა ხვრელებმა მისცა კრემლს ამის საშუალება თუ ეს არალეგალური საქმიანობაა, უნდა ითქვას, რომ დიახ, საქართველოს კანონმდებლობა კამპანიის დაფინანსების ამა თუ იმ საკითხის კუთხით გასაუმჯობესებელია, მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ ამ დროისთვის არსებული კანონებიც კი მხოლოდ ფურცელზეა და არ არის მკაცრად აღსრულებული.
ჩვენ მსგავსი პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვაქვს. განსაკუთრებით კი სწორედ ახლა. იუსტიციის დეპარტამენტის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმე პრეზიდენტის სისხლის სამართლისა თუ პოლიტიკური შედეგებისგან დაცვაა. ასე რომ ორივე ამ ქვეყანაში, 3 დღით დაშორებულ არჩევნებში, ჩვენზე, ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ავიტანთ საგარეო ჩარევასა და კორუფციას, პოლიტიკოსების წინააღმდეგ არსებულ ბერკეტებს, თუ – არა.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ რეალური ძალა არის არა უცხო ქვეყნების დედაქალაქებში, არა მათ კაბინეტებსა თუ სამხედრო დანაყოფებში, არამედ, მაგალითად მინსკის ქუჩებში და საარჩევნო ურნებთან საქართველოსა და ამერიკაში.
სრულ ინტერვიუს გაეცანით ბმულზე;