დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის ინიციატივით, ხელისუფლებამ სააკაშვილი უნდა გადაყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, თავის მხრივ კი, ოპოზიციამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ აღნიშნულ კლინიკასთან არანაირი აქცია არ გაიმართება.
„მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება და ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები. ამით, ერთი მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვას, მის გადაყვანას საავადმყოფოში.
უკვე როცა გვეცოდინება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის გადარჩენილი, ამის შემდეგ ვისაუბროთ პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ჯერჯერობით, მთავარი ამოცანა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რადგან ღმერთმა დაგვიფაროს, თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართა დღეს გლდანის ციხეში, არჩევნებიც, რეფორმაც, სასამართლოც, ნატო-ც და ყველაფერი ამ ქვეყანას გვერდზე დაგვრჩება და აღმოვჩნდებით საშინელ 90-იანების უფსკრულში“, – განაცხადა ბაქრაძემ „პირველი არხის“ ცნობით.
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.
მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში.