ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდავად არ უნდა გამოიყენოს – GDI

პუბლიკა

GDI მიუღებლად მიიჩნევს 2020 წლის 1 აპრილს  ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს.  ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ.

„გავრცელებულ ვიდომასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად, პროტესტის გამოხატვის გამო, საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს.

შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა, საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი.