ხელისუფლებამ სექსმუშაკების, ლგბტ ადამიანებისა და ძალადობის რისკის ქვეშ მყოფთა მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს - WISG

პუბლიკა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ხელისუფლებას მოუწოდებს, ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ანტიკრიზისული გეგმის შედგენისას, გაითვალისწინოს ყველა სოციალური ჯგუფი, რომელსაც დღეს განსაკუთრებით მწვავედ უდგას უსახლკარობასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები. ორგანიზაცია პასუხსიმგებელ ორგანოებს ასევე მოუწოდებს:

  • გაიაზროს ქვეყანაში ხანგრძლივი სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გახშირებული ოჯახში ძალადობის და ფემიციდის შემთხვევები და შესაბამისად, დასახოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დახმარების საგანგებო ზომები, სოციალური დისტანცირების და იზოლაციის პირობებში ძალადობის შემთხვევათა მომეტებული საფრთხის გამო;
  • სექსსამუშაოში ჩართული ქალები, მათ შორის, ტრანსგენდერი ქალები, შეიყვანოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფში და დაეხმაროს საჭიროებების შესაბამისად, რადგან, პირველ რიგში, მათ უმრავლესობას არ აქვს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი ოჯახებისგან. ამასთან, ბევრი მათგანი ცხოვრობს ქირით, რომლის გადახდსა და სხვა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას სოციალური დისტანცირების პირობებში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ.
  • ყველა სხვა უსახლკარო მოქალაქესთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოს ისინიც, ვინც სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ძალადობის საფრთხის ქვეშაა და/ან არ აქვს ხელმისაწვდომობა ადეკვატურ საცხოვრებელსა და ჯანდაცვის სერვისებზე, არ არის დასაქმებული, ან ჩართულია სექსსამუშაოში, რაც მოცემულ პირობებში, არამხოლოდ კორონავირუსის, არამედ ჯანმრთელობის სხვა მრავალ რისკთანაა დაკავშირებული.

WISG-ის განცხადებით, ქვეყნის დონეზე, ვირუსთან ბრძოლის ძირითად მეთოდად, სამთავრობო და ჯანდაცვის უწყებებმა საზოგადოებას სოციალური დისტანცირების საგანგებო ზომა შემოგვთავაზეს, რაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისგან გამოწვეული კრიზისის თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვენლოვანია. თუმცა „სახლში დარჩენის“ სტრატეგია დღეს განსაკუთრებით ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობას, რომელიც არსებულ პოლიტეკონომიურ სისტემაში დიდი ხანია იწვევს საზოგადოები ფართო ჯგუფების ჩაგვრასა და მარგინალიზებას.

„ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა ყველაზე მწვავედ აისახება მათზე, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციაში ან დისტანციურად მუშაობის „ფუფუნება“, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცები, უსახლკარო ადამიანები, დევნილები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და სხვა. მათ შორის არიან ტრანსგენდერი ადამიანები, რომელთაც სახელმწიფო დღემდე უარს ეუბნება გენდერის სამართლებრივი აღიარების რეგულირებაზე, რაც უბრალო იურიდიული ფორმალობა კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის, დასაქმების და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებზე ხელმისაწვდომობისთვის“, – აცხადებს WISG

ორგანიზაციის განცხადებით, ამგვარი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ეძებენ არაოფიციალური დასაქმების გზებს და გამოუვალი მდგომარეობის გამო, უწევთ დათანხმდნენ საფრთხის შემცველ სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. სოციალური ცხოვრების ყველა დონეზე ფინანსური და მორალური მხარდაჭერის არარსებობის გამო, ბევრი მათგანი იძულებულია სექსსამუშაოშიც კი ჩაერთოს. WISG აცხადებს, რომ დღემდე სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით პოლიტიკის შესაცვლელად. მეტიც, დღეს ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საკითხზე საკუთარი მოქალაქეების მოპასუხეა.

„მიმდინარე დღეებში აქტივისტების და სამოქალაქო ჯგუფები სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად ქმნიან სოლიდარობის ჯგუფებს იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვინც ეპიდემიასთან ბრძოლის ამგვარი სტრატეგიით ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც სამოქალაქო მხარდაჭერის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პოზიტიური მაგალითია. თუმცა, ამ კრიზისმა სახელმწიფოს და მოქალაქეებს უნდა დაგვანახოს, რომ მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის უკეთესობისკენ შეცვლა ინდივიდუალური/ორგანიზაციული/სახელმწიფო ერთჯერადი დონაციით შეუძლებელია და რომ ეკონომიკური და დასაქმების პოლიტიკაა შესაცვლელი, რომელიც სისტემურ უთანასწორობასა და მოწყვლადობას წარმოშობს. სახელმწიფომ ფუნდამენტურად უნდა გადაიაზროს ადამიანის უფლებები და პოლიტიკა, რომელსაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ატარებს. ამის მაგალითი აივ ინფექციათან ბრძოლის სისტემური და გლობალური სტრატეგიებია“, – წერია განცხადებაში.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ აგრძელებს თემის წევრთა საჭიროებების მოკვლევას და მზადაა, კორონავირუსთან (COVID – 19) დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დახმარების სახელმწიფო ანტიკრიზისური გეგმის შედგენისას, ორგანიზაციული რესურსებით ჩაერთოს ლგბტქი ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირებაში.