ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის ევროპულ მომავალს - ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

პუბლიკა

სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით ეხმაურებიან.

„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია.

ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებაც გაავრცელა:

„შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიზანში ამოიღეს სატელეფონო ზარებით და პოსტერებით, რომელიც მათ „აგენტებად“ რაცხავს.

ნორვეგია დგას ქართველების გვეერდით, რომლებიც იცავენ მათ დემოკრატიას მათ შორის „უცხოური გაველნის აგენტების კანონის“ პროტესტით“, – წერია განცხადებაში.