ხელისუფლებამ შქმერში წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეუჩერა

პუბლიკა

მინერალური რესურსების სააგენტომ შპს „ტექნოლოგი 2021-ს“ რაჭაში, სოფელ შქმერში ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეუჩერა. სააგენტოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით მათმა თანამშრომლებმა შეისწავლეს კომპანიის საქმიანობა და სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს.

„სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოწმების შედეგად, შპს „ტექნოლოჯი 2021-ის“ მიერ ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს. რაც შეეხება შპს „მნ ნორთის“, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა არ დაუწყია.

გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021-თვის“ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია. გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა“, – აცხადებს მინერალური რესუსრების სააგენტო.


რაჭაში კომპანიების მიერ წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგ 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივებმა პროტესტი გამოთქვეს. შქმერში საპროტესტო აქციებიც გაიმართა, რომელზეც შქმერელებმა და მათ მხარდასაჭერად ჩასულმა მოქალაქეებმა კომპანიებისთვის ლიცენზიების გაუქმება მოითხოვეს.

პროტესტის დაწყებისას შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 3 კომპანია ფლობდა – შპს „Feroex“, შპს „ტექნოლოჯი 2021“ და შპს „მნ ნორთი“. შპს „Feroex“ ლიცენზიას 2014 წლიდან ფლობს. დანარჩენმა ორმა კომპანიამ კი ლიცენზიები 2021 წლის 9 ივლისს მიიღო.

ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ ორ კომპანიაზე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვდნენ. ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორია, ჯამში, 1 531 070 კვ.მ-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ორივე კომპანია – შპს „ტექნოლოჯი 2021“ და შპს „მნ ნორთი“ ლიცენზიის მიღებამდე 5 დღით ადრე – 2 ივლისს იყო რეგისტრირებული.