EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქტივისტების და პოლიტიკოსების მიმართ დაუსაბუთებელი იძულების ღონისძიებების გამოყენება და უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა.
„ ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების სათანადოდ დაცვა. დაუშვებელია, სამართალდამცავების მხრიდან ამ უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვა. მშვიდობიან პოლიტიკურ გამოხატვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის შენარჩუნებისთვის და პოლიცია არათუ ხელს უნდა უშლიდეს, არამედ მოწოდებული უნდა იყოს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ საპოლიციო ძალის დაუსაბუთებელი გამოყენება, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება მაშინ, როცა ამის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ქმნის ჩიხურ ვითარებას, სადაც პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად, ხელისუფლება მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს ესაუბრება პოლიციის ხელით“,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია: პოლიციამ უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა და დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს პოლიტიკური გამოხატვა; ხელისუფლებამ უარი თქვას პოლიტიკური კრიზისის საპოლიციო ძალით განმუხტვაზე და შექმნას დიალოგის კონსტრუქციული ფორმატები.