ხელისუფლებამ უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს გმირებს - ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც აგვისტოს ომის გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში 8 აგვისტოს მივიდა, წინა ხელისუფლება ომის დროს ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, – განაცხადა მან და თქვა, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო:

„მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი, რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ, აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩნა ყოფილმა მთავარსარდალმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა არც ხალხზე და არც ტერიტორიულ მთლიანობაზე.

„მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას – რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის, რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება. ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა, იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომელიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღის ადრე ხდებოდა. მთელი ეს კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს ერთ რამეზე, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ, ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ამ ბიჭებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც კი დაინტერესდნენ, რომ არა პატრიარქის ჩართულობა ჩვენი გმირი ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „თუ ვინმემ გააკეთა რუსული საქმე, ეს იყო სააკაშვილი“.

„2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია, ორი რეგიონის, ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი გამაგრდა, ბაზები ააშენეს“, – თქვა მან.

რაც შეეხება ომის დაყების თარიღს, პრემიერი ამბობს, რომ 2012 წლამდე წინა ხელისუფლება ამ დღეს 8 აგვისტოს აღნიშნავდა.

„თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. ასე არის, მეგობრებო? – კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას,“ – განაცხადა პრემიერმა.