ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია თუ კრემლის დირექტივა - მელია

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბრიფინგით გამოეხმაურა.

„უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი, მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს უმნიშვნელოვანეს ნაწილად იმ დიდი ისტორიული პროცესისა, რაც მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ კრემლიდან მიღებული დირექტივა.

„ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით – იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული და წინდახედული თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა თუ კრემლის დირექტივა?! აი, ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ – ქართველებმა. ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტები.

გავიმეორებ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს: ეს ბოროტება უნდა შეჩერდეს! “ქართული ოცნების” ხელისუფლება ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თამასა ძალიან მაღლაა“, – თქვა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ უკრაინის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სიბრძნისა და სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად გამოჩენილი ძალისხმევისთვის.