ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ ძალებს - დიღმელაშვილი

პუბლიკა

„აქცია იქნება დიდი, ლამაზი, უსაფრთხო და მშვიდობიანი. ვინმეს სადმე შევარდნა რომ უნდოდეს, აქცია პარლამენტთან კი არ დაიწყებოდა და მერე მარშით გაგრძელდებოდა ევროპის მოედნისკენ, არამედ პარლამენტთან დასრულდებოდა“, – წერს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი 20 ივნისს დაგეგმილი მსვლელობის შესახებ – „შინ ევროპაში“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ დაჯგუფებებს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს არსებობს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ხელისუფლებამ ხელკეტით უნდა „განმუხტოს“.

„სირცხვილიას“ ყველა აქცია ყოველთვის მშვიდობიანი და არაძალადობრივი იყო. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ იდეალისტური გადაწყვეტა, არამედ პრაგმატულიც, რადგან ყველანაირი ძალადობა სამოქალაქო პროტესტის მხრიდან ხელფეხს უხსნის ხელისუფლებას და არგუმენტს აძლევს პროპაგანდას, რომ გაამართლონ უსამართლო რეპრესიები.

ხელისუფლებას ეშინია მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების პროტესტის. პირველ რიგში სწორედ მრავალფეროვნების, რადგან ყოველთვის როცა ასეთი პროტესტი შედგა, ხელისუფლებას მოუწია მისთვის ანგარიშის გაწევა, იქნებოდა ეს პროპორციული არჩევნების რეფორმის გატარება თუ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ.

ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ დაჯგუფებებს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს არსებობს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ხელისუფლებამ ხელკეტით უნდა “განმუხტოს”. სინამდვილეში არანაირი პოლარიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ევროატლანტიკური გზის მიმართ არ არსებობს. ამიტომ უწევთ ათასი ჭორის მოგონება და ხალხის ძალადობით შეშინება“, – წერს შოთა დიღმელაშვილი.


ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს” ლიდერი კოკა მორგოშია აცხადებს, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას თავიანთი ოფისებიდან დააკვირდებიან და თუ „თუ რამე დაპირისპირება იქნება, თუ სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება და პოლიციას გაუჭირდება, ყველა მოქალაქის ვალია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვას”, – განუცხადა „პუბლიკას“ კოკა მორგოშიამ.