ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსულმა პაატა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანია და ხელისუფლებას არ მისცემენ დამატებით მიზეზს მოლაპარაკების ჩასაშლელად.
„მთავარია შედეგი. საზოგადოება ჩვენგან ელოდება შედეგს და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები. ამ პოზიციაში, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, ყველა პარტია ერთიანია.
სასურველია, ღარიბაშვილი არა მოლაპარაკების პროცესში, არამედ საერთოდ არ იყოს საქართველოს პრემიერი, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებელია გამოსავლის პოვნა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, რას იზამს ოპოზიცია, მანჯგალაძე პასუხობს: „ჩვენთვის მთავარია შედეგი, კრიზისის განმუხტვა, პოლიტიკური პატიმრების გამოსვლა. სხვა პირობას მოლაპარაკების ჩაშლისთვის არ დავაყენებთ“.