„ხელისუფლებას არ მივცემთ ზედმეტ საბაბს" | ოპოზიცია აქციების ფორმას ცვლის

პუბლიკა

„ლეიბორისტული” პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. მათი თქმით, მომდევნო დღეებში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები კვლავ გაიმართება, თუმცა ისეთი ფორმით, რომ ხელისუფლებას ამით არ მიეცეს საბაბი, ეს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად გამოიყენოს.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუსანსი, რომ  ხელისუფლება არ მივცეთ ზედმეტი საბაბი, რომ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი. ასე რომ, ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, რომ არის მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ”, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით: „ფორმებზე იყო საუბარი, რომ აქციები იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი. შეიძლება შევცვალოთ ფორმა, პიკეტირება არ იყოს, მაგრამ იყოს ისეთი ფორმები, რომლებიც ნაკლები პროვოცირების შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას. მაგალითად იყოს მშვიდობიანი დემონსტრაცია ისეთი, რომელიც არ კეტავს გზას, არ ზღუდავს ქუჩას და ა.შ.”, – ამბობს მანჯგალაძე.


საქართველოს პარლამენტის შენობასთან დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

ამ საკითხს მოგვიანებით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დღევანდელი ქმედება – პარლამენტის პიკეტირების მცდელობა არის კონტრპროდუქტიული და არ ემსახურება დიალოგის ინტერესებს.

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები. შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ვნახეთ, რომ მათ დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს. ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას. რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების საზიანოდ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.