საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ ძალადბრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე.
ორგანიზაციის შეფასებით, ის თავდასხმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში აპრილიდან ივნისის ჩათვლით, აჩენს შემოდგომი პოლიტიკური ძალადობის წახალისებისა და არასტაბილურობის რისკს ქვეყანაში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
უახლეს ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, Human Rights Watch მიუთითებს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე დაუდგენელი პირები ძალადობრივად თავს დაესხნენ ათზე მეტ აქტივისტს, რასაც უმეტეს შემთხვევაში დაზიანებები მოჰყვა, მათ შორის, თავის არეში, რასაც ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში, სადაც იყვნენ მოწმეები და დამონტაჟებული იყო CCTV კამერები.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ხშირ შემთხვევაში ოფიციალურად დაიწყო გამოძიება, მათ არ დაუდგენიათ ან დაუკავებიათ არც ერთი ეჭვმიტანილი. ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ იღებენ აუცილებელ საგამოძიებო ზომებს, რათა დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობა”. – ნათქვამია ანგარიშში.
HRW მიუთითებს, რომ თავდასხმის მსხვერპლები ეწინააღმდეგებიან „უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის აპრილში დააინიციირა და 6 კვირაში დაამტკიცა კიდეც. ორგანიზაცია წერს, რომ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაატო, რომელიც პარლამენტმა დაძლია.
„აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების შევიწროებისა და დაშინების ხასიათი, თუ ის დაუსჯელი დარჩება, შექმნის მავნე აქტორებს მხრიდან ძალადობის ესკალაციის საფრთხეს საქართველოს მომავალ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ამ სასტიკ თავდასხმებსა და ძალადობის მუქარაზე პასუხისმგებლობა დაუყოვნებლივ უნდა დადგეს“. – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
HRW ანგარიშში საუბრობს საპროტესტო აქციებზე, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და აღნიშნავს, რომ ამ საპროტესტო აქციების პარალელურად მომხდარი თავდასხმები აღბეჭდილი და დოკუმენტირებულია სხვადასხვა ორგანიზაციის, მედიის თუ აქტივისტების მიერ. ასევე, მიუთითებს, რომ არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
ორგანიაცია წერს, რომ მათ მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას და მოითხოვეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. HRW-ის განცხადებით, 19 აგვისტოს მათ პროკურატურისგან მიიღეს პასუხი, რომ 19 შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს თავდასხმებს და რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ დრომდე არ დაწყებულა.
HRW საუბრობს რუსული კანონის არსზე და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის განცხადებით, მას მიმართავს იმ ჯგუფებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ლგბტქ უფლებებს, ან ჩათულები არიან ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს.
Human Rights Watch ასევე მიუთითებს მუქარისა და გინების სატელეფონო ზარებზე, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ოჯახის წევრები იღებდნენ.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს ვენეციის კომისიის მიერ 2024 წლის მაისში გამოტანილ დასკვნას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსული კანონით „დაწესებული შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე ვერ აკმაყოფილებს „კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და არღვევს პროპორციულობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს ძალადობრივი თავდასხმები, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცეს და საჯაროდ და ცალსახად დაგმოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა”. – აცხადებს ორგანიზაცია.
„მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმების დაუსჯელობა უტყუარ სიგნალს აგზავნის, რომ ხელისუფლება პატივს სცემს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, როდესაც ის მათ ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებას შეუძლია, აირიდოს ამ სიგნალის გაგზავნა სწრაფი, საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიების ჩატარებით, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალური თავდამსხმელების იდენტიფიცირება“. – აცხადებს ჰიუ უილიამსონი.