ხელისუფლებას აწყობს, ივანიშვილის ალტერნატივად კეზერაშვილი წარმოაჩინოს - მელია

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, დავით კეზერაშვილის აქტიურად გამოჩენა პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ ინტერესია. მისი თქმით, ხელისუფლებას აწყობს, ივანიშვილის ალტერნატივად წარმოაჩინოს სწორედ დავით კეზერაშვილი, რადგან მას არ აქვს ელექტორალური მხარდაჭერა.

„ქართული ოცნების“ მთელი პროპაგანდისტული ხაზი რა არის? რომ აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ალტერნატივა არის მაგალითად, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად.

24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართული, უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში. როდესაც კულისებში ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები…

ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, შექმნას ილუზორული დაპირისპირება და ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად წარმოაჩინოს დათო კეზერაშვილი. სადაც 100 წელი რომ ვიცხოვროთ და წელიწადში თითო არჩევნები ჩატარდეს, ყოველთვის ეს პრორუსი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ოლიგარქია, ბევრი მიზეზის გამო გაიმარჯვებს.

დიქოტომიას ქმნის, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზავი და ალტერნატივა არის ეს ბატონი, რომელიც მაღალი ელექტორალური ღირებულებით ვერ სარგებლობს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ იყოს წარმატებული ინვესტორი მედია ორგანიზაციაში, ეს მისასალმებელია, მაგრამ, როცა ის აცხადებს პრეტენზიას, რომ მართავდეს პოლიტიკურ პროცესებს, აქ უკვე თავადაც ხდება მოწყვლადი და მთელი ოპოზიციური სპექტრი“, – თქვა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

ნიკა მელიამ არ დააკონკრეტა, არიან თუ არა მის პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში მერაბიშვილი და კეზერაშვილი აქტიურად ჩართულები. თუმცა, მისი თქმით, კეზერაშვილთან პარტნიორობა მასაც აკავშირებდა, ოღონდ მაშინ კეზერაშვილს ასეთი „პოლიტიკური მადა“ არ ჰქონდა.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოვა და დახმარებას შემოგთავაზებს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ეს თუ სხვა პარტია და პარტნიორობის ხელს გამოგიწოდებს, რა თქმა უნდა, ხელი უნდა ჩამოართვა, თუ მართლაც გინდა, შედეგზე ორიენტირებული იყო, მაგრამ, როდესაც შენ ხედავ და მალევე რწმუნდები, რომ სულ სხვა ინტერესი პრევალირებს იქ, სადაც პარტნიორობა გეგონა, იქცევი ისე, როგორც მე მოვიქეცი“, – თქვა მელიამ.